იენს სტოლტენბერგი - ვერ დავუშვებთ, რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს ვეტო ჰქონდეს
იენს სტოლტენბერგი - ვერ დავუშვებთ, რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს ვეტო ჰქონდეს

ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს ვეტო ჰქონდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა და ის, თუ რა სახის უსაფრთოხების მექანიზმების ნაწილი იყოს.

„ახლა ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და სრულიად უსაფრთხო ვარიანტი უკრაინისთვის და არც მოკავშირეებისთვის არ არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე იმაშია, პუტინი თუ გაიმარჯვებს. მაშინ მიიღებს შემდეგ გზავნილს – როდესაც ის იყენებს სამხედრო ძალას, არღვევს საერთაშორისო კანონს, იჭრება მეზობელ ქვეყანაში, მაშინ ის სასურველს იღებს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-ს წევრებისთვის უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ტრაგედია იქნება, პუტინი თუ ომში გაიმარჯვებს. ეს იქნება სახიფათო ჩვენთვის, ჩვენ უფრო დაუცველს გაგვხდის. სწორედ ამიტომ ვამბობთ მკაფიოდ, რომ უკრაინას აქვს თავისუფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა და ის, თუ რა სახის უსაფრთხოების მექანიზმების ნაწილი იყოს. სწორედ ეს არის აღნიშნული ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზას ეხება. ზემოაღნიშნული ეხება ყველა ქვეყანას. ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, მოსკოვის გადასაწყვეტი იყოს, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი და ვინ – არა. რუსეთი ნატო-ს ნებისმიერი გაფართოების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი, მოსკოვს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ უკრაინას წინ წავწევთ ნატო-ს წევრობისკენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე განცხადებით, დღეს მიიღეს ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ერთიან გზავნილს.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით მოსკოვის პოზიცია, ის გააპროტესტებს, როგორც ეს მოხდა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დროს, შევედეთისა ან ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების დროს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტიდან ერთ-ერთი ელემენტია, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა კიდევ უფრო მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანია, გააძლიერონ პოლიტიკური კავშირები და ნატო-უკრაინას შორის პოლიტიკური ურთიერთკავშირი.

„საბჭო განსხვავდება წინა კომისიისგან. პირველი იმიტომ, რომ მას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩვენ ვხვდებით როგორც თანასწორები. ეს არ არის 31 მოკავშირის შეკრება ცალკე, ეს არის საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. შევიკრიბეთ მინისტრების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრების, ელჩების დონეზე. ჩვენ ასევე შეგვიძლია, შევხვდეთ სამხედრო დონეზეც. ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო ძლიერი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სუბიექტი, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა. ეს არის ის, რასაც ერთად ვაკეთებთ, როგორც თანასწორები, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ გაწევრიანებამდე მისასვლელად. დღეს ჩვენ შევხვდით როგორც თანასწორები, მაგრამ მოუთმენლად ველოდები, რომ შევხვდებით, როგორც მოკავშირეებიც. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი წვლილი ამ პროცესში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.