იენს სტოლტენბერგი - უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად
უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც ხარკოვის რაიონში, საზღვრის მახლობლად ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, მათ თავდაცვას ართულებს.
ამავდროულად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდნენ, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც ნატო-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, ალიანსმა თავიდან უნდა აიცილოს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან.
„ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვაწვდით უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალას, მაგრამ არ მივიღებთ უშუალო მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში უკრაინაში ან ნატო-ს ტერიტორიიდან. ასე რომ, ეს სხვა საკითხია. ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.