იენს სტოლტენბერგი - შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო
იენს სტოლტენბერგი - შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო

შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი სლოვაკეთის პრემიერს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო. ვუსურვებ მას ძალას სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ფიქრებით რობერტ ფიცოსთან ვართ, მის საყვარელ ადამიანებთან და სლოვაკ ხალხთან ერთად“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.

რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია. როგორც „ფეისბუქის“ მის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ქვეყნის მთავრობის მეთაურს რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. რობერტ ფიცო ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა.

სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.