იენს სტოლტენბერგი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება შეასრულოს
რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება შეასრულოს – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, DPA-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთს ახლა ბოლო შანსი აქვს. თუ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, რადგან ეს შეთანხმება ჩაიშლება. თუ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ალიანსს ექნება რეაგირების რამდენიმე ვარიანტი, რომლებზეც ჯერ არ ვისაუბრებ“, – განაცხადა იენს სტოლტნბერგმა.
შეგახსენებთ, გასული წლის 4 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას არ შეასრულებს, ამერიკის შეერთებული შტატები დოკუმენტს გამოეთიშება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვითარების გამოსწორების საკითხი მოსკოვის ხელშია.
ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების კონტროლს მოიცავს.