იენს სტოლტენბერგი - ქართული ჯარი აკმაყოფილებს ნატო-ს მაღალ სტანდარტს და შეუძლია ალიანსის წვრთნებში, მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა
იენს სტოლტენბერგი - ქართული ჯარი აკმაყოფილებს ნატო-ს მაღალ სტანდარტს და შეუძლია ალიანსის წვრთნებში, მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა

ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი, აჩვენებს, რომ ქართული ჯარი აკმაყოფილებს ნატო-ს მაღალ სტანდარტს და შეუძლია ალიანსის წვრთნებში, მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა ნატო-ს შტაბბინაში, ამ ახალ შენობაში და მინდა, გამოვხატო პატივისცემა საქართველოსადმი და პირადად თქვენდამი ნატო-ს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციაში კონტრიბუციისა და ჩვენი პარტნიორობისთვის. ჩვენ უკიდურესად მადლიერები ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ, რადგან ეს კარგია, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო თქვენი კონტრიბუცია ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

„საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ავღანეთში ნატო-ს მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. თქვენი მამაცი სამხედროები გვეხმარებიან, რომ ავღანეთი კვლავ არ გახდეს საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი. ასევე, ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენ ნატო-ს ძალებთან ერთად მონაწილეობთ წვრთნებში. მე შევხვდი ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ასევე ნატო-ს წვრთნაზე და ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი, აჩვენებს, რომ ქართული ჯარი აკმაყოფილებს ნატო-ს მაღალ სტანდარტს და შეუძლიათ ნატო-ს წვრთნებში, მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.