იენს სტოლტენბერგი - პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ
პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის ყველაზე სასტიკი და მასშტაბური ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან აბსოლუტურად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები, უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება და სიმამაცე. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით უკრაინის მხარდაჭერის, უკრაინის გვერდით დგომის ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი ერთგულება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უპრეცედენტოა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინელებს მისცა შესაძლელობა, დაეწყოთ კონტრშეტევა და მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს, რადგან „ეს არის მძიმე, რთული ბრძოლა, თუმცა უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის ძალების თავდაცვის ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ“.
იენს სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინა არასდროს ყოფილა ნატო-ს წევრობასთან იმაზე ახლოს, ვიდრე ახლაა. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ნატო-სა და უკრაინის ძალების ურთიერთთავსებადობა, ნატო-უკრაინის საბჭო და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის ამოღება.
კითხვებზე პასუხისას სტოლტენბერგი ასევე გამოეხმაურა რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ნამტვრევების ჩამოვარდნის საკითხს.
„ჩვენ არ გვაქვს რამე ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან გამიზნული თავდასხმა და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.