იენს სტოლტენბერგი - ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ალიანსი არ არის სრულყოფილი და გავაგრძელებთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას
იენს სტოლტენბერგი - ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ალიანსი არ არის სრულყოფილი და გავაგრძელებთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას

დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს გაამხნევებს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს, არამედ სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

„ნატო-ს გაფართოებამ ევროპა ისე გააერთიანა, როგორც ადრე წარმოუდგენელი იყო. გზა გაუხსნა ევროკავშირში ინტეგრაციას, მოუტანა მშვიდობა და კეთილდღეობა კონტინენტს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მრავალი თაობის განმავლობაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისია. უკრაინამ უდიდესი სიმამაცე გამოავლინა და ნატო-ს მოკავშირეებმა მას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ეს არ არის მარტივი, რადგან ჩვენს მხარდაჭერას თან ახლავს ხარჯები და რისკები. რეალობა ისაა, რომ აგრესიულ რუსეთთან არ არსებობს ხარჯის გარეშე ვარიანტები. ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები.

ყველაზე მძიმე საფასური და დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს. ჩვენ არ შეგვიძლია, ეს დავუშვათ. ეს არა მხოლოდ გაამხნევებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, არამედ ასევე გაამხნევებს სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. ისინი მხარს უჭერენ რუსეთის სასტიკ ომს. ასე რომ, ამ ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დროა, ამის ადგილი კი უკრაინაა. მომავალში ისეთივე გამბედაობა და მონდომება უნდა გამოვავლინოთ, როგორიც იყო წარსულში, როდესაც ნატო დაარსდა და ჩამოყალიბდა. ჩვენი ალიანსი არ არის სრულყოფილი და ჩვენ გავაგრძელებთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას მომავალში. არ ვიცი, როგორი იქნება შემდეგი კრიზისი, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ რთულ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური გამბედაობით და მორალური სიცხადით“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.