იენს სტოლტენბერგი - ნეიტრალიტეტი ნატო-სთან პარტნიორობას არ გამორიცხავს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა სერბულ გამოცემა „პოლიტიკასთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ არაპროგნოზირებად სამყაროში რუსეთი ნატო-სთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, ტერორისტული საფრთხის გავრცელება – ამ საფრთხეებზე საპასუხოდ ნატო ცივი ომის პერიოდის კოლექტიური თავდაცვის ადაპტაციას სწრაფად ახდენს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო მზადაა 30-ე წევრად ჩრდილოეთ მაკედონია მიიღოს, რაც ბალკანეთის რეგიონს სტაბილურობას მოუტანს.