იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის

ნატო-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახლებული უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არცერთი სხვა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არ დასახლებულა.

„ეს არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ეს ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო-ს ლიდერებმა უკვე შეათანხმეს კომუნიკეს ტექსტი და ასევე უკრაინისთვის განკუთვნილი პაკეტიც.

„მე რეგულარულად ვეკონტაქტები ნატო-ს ლიდერებს და უკრაინის ხელისუფლებას. მე განვიხილე ეს საკითხი პრეზიდენტ ზელენსკისთანაც და ველოდები მასთან დღეს საღამოს შეხვედრას. შემდეგ კი უკვე გვექნება ნატო-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრა ხვალ, სადაც წარმოვადგენ სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს ნატო-ს გაფართოების პროცესში ჩარევის უფლება და ყველა ქვეყანა თავად აკეთებს არჩევანს, თუ რა გზით უნდა იაროს. მისივე თქმით, ეს ნატო-მ აჩვენა როგორც ახალი წევრების მიღებით, ისე იმ ძლიერი გზავნილით, რომელიც ალიანსმა უკრაინას გაუგზავნა დღეს.

მისივე თქმით, დღევანდელ კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინამ წინ წაიწია და გასცდა ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს.

„ჩვენ კომუნიკეში ვთქვით, რომ უკრაინამ წინ წაიწია და გასცდა ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს. უკრაინა გაცილებით ახლოს მოვიდა ნატო-სთან. მე ვესწრებოდი 2008 წლის ბუქარესტის სამიტს და ძალიან კარგად მახსოვს იქ გამართული დისკუსიები. ახლა დისკუსია რადიკალურად სხვაგვარია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამჟამად უკრაინა არის რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ და ასევე იმის გამოც, რომ უკრაინა ძალიან ახლოს მივიდა ალიანსთან ამ წლების განმავლობაში. განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, როდესაც ნატო-ს მოკავშირეებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა და აღჭურვა და ასევე, 2022 წლის თებერვლის შემდეგაც. უკრაინამ აჩვენა შესაძლებლობები, უნარები და უფრო მეტად არის ინტეგრირებული ნატო-სთან. ეს არის ასევე შედეგი იმ აღჭურვილობის მიწოდებისა, რომელსაც უკრაინა იღებს. მაგალითად, როდესაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას თანამედროვე ტანკებს ან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, შედეგი არის ურთიერთავსებადობის ზრდა. შემოდის მეტი ნატო-ს სტანდარტი და დოქტრინა. ასევე, როცა ჩვენ დავიწყებთ მფრინავების ტრენინრგს „f-16“-ებისთვის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატება ურთიერთავსებადობისთვის, რაც ყოველთვის იყო მოთხოვნა ნატო-ს წევრობისთვის. ეს ყველაფერი დააახლოებს უკრაინას ნატო-ს წევრობასთან.

ჩვენ პირობები გვაქვს ნაწილობრივ ჩამოყალიბებული ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლში. საბოლოოდ კი ნატო-ს წევრებმა უნდა შეაფასონ, არის თუ არა პირობები სრულად დაკმაყოფილებული და სწორედ ამაზე უნდა შეთანხმდნენ მოკავშირეები, სწორედ ასე ხდება გადაწყვეტილებების მიღება ნატო-ში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.