იენს სტოლტენბერგი - ნატო საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობებში ჩარევას არ აპირებს
იენს სტოლტენბერგი - ნატო საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობებში ჩარევას არ აპირებს

ნატო არ აპირებს საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობებში ჩარევას და მხარეებს პრობლემური საკითხების გადაჭრას ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში სთავაზობს, – ამის შესახებ ჰააგაში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის მხრიდან ჩარევა სასარგებლო ვერ იქნება. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ორივე მხარე ალიანსის ფასეული მოკავშირე და წევრია და მისიებში, ოპერაციებსა და კოლექტიურ თავდაცვაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბა. ხშირია თურქეთის მხრიდან საბერძნეთის საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევის შემთხვევები. მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. ცოტა ხნის წინ, თურქული ხომალდი საბერძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდს შეეჯახა. ასევე, თურქეთმა ორი ბერძენი სამხედრო მოსამსახურე დააკავა, რომელთაც პატრულირების დროს საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს.

ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის სამეზობლო ურთიერთობებში უთანხმოება ეგეოსის აკვატორიასა და საჰაერო სივრცეზე, დაუსახლებელ კუნძულ იმეასა და 2011 წელს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის საბადოს გამოც არსებობს.