იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა
ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხვალ ბრიუსელში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მინისტრები განიხილავენ, როგორ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს გახლავთ ნატო-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე არიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის და შეკავების გაძლიერებაზე, ასევე ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.
სტოლტენბერგმა ასევე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.