იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს არ აქვს ევროპაში სახმელეთო ბაზირების ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების განზრახვა
ნატო-ს არ სურს ახალი გამალებული შეიარაღება და არ აქვს ევროპაში სახმელეთო ბაზირების ახალი ბირთვული რაკეტების განთავსების განზრახვა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი მოსკოვის ქმედებებს სარკისებურად არ უპასუხებს იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში არ არის ამერიკული ან ნატო-ს ახალი რაკეტები, მაგრამ რუსული რაკეტების რაოდენობა იზრდება.
ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს შეიარაღების საერთაშორისო კონტროლს, განიარაღებას და ბირთვულ გაუვრცელებლობას.
„დღეს საერთაშორისო ბირთვულმა შეთანხმებამ არსებობა შეწყვიტა, რადგან რუსეთმა „ეს-ეს-სი-8“ სარაკეტო სისტემა განათავსა. რუსეთის ახალ რაკეტებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ და მათი გამოვლენა რთულია. რაკეტებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ ევროპის ქალაქებამდე მიღწევა. საერთაშორისო შეთანხმება არ არის ეფექტური, როდესაც მას მხოლოდ ერთი მხარე იცავს. მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეჩერებისთვის. „ეს-ეს-სი-8“-სგან შექმნილ რისკებს, ნატო გაზომილი და პასუხისმგებლიანი გზით უპასუხებს. ნატო-ს შეკავების და თავდაცვის საიმედოობის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ზომების პაკეტზე შევთანხმდით, მაგრამ გაუაზრებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.