იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, განახლებული რუსული აგრესია გამოიწვევს ნატო-ს მეტ ყოფნას და არა ნაკლებს
ნატო არ არღვევს ძირითად პრინციპს, თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდი ბფრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ ალიანსი უარესისთვის უნდა მოემზადოს.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი პოლიტიკური გზით გადაიჭრას.
„რუსებმა უკვე მოუყარეს თავი 100 ათას მძიმედ აღჭურვილ დანაყოფს, ჩვენ აგრეთვე ყურადღებით ვაკვირდებით რუსულ განლაგებას ბელარუსში, რომელიც ყველაზე დიდია „ცივი ომის“ შემდეგ. ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება და შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო კლებულობს. ნატო რუსეთისთვის საფრთხე არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის. კვლავ ფართო რჩება საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის პოვნა. ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი წამყვან როლშია, როგორც სამხედრო, აგრეთვე დიპლომატიურ საკითხებში. მისასალმებელია თქვენი შეთავაზება ნატო-სთვის მეტი ჯარის, ხომალდისა და თვითმფრინავის მიწოდებაზე, აგრეთვე დამატებითი დანაყოფების განლაგებით პოლონეთში, თქვენ აჩვენეთ მოკავშირეთა სოლიდარობა მოქმედებაში. დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს ნატო-ს საბრძოლო ჯგუფს ესტონეთში. ყოველივე ეს მკაფიო გზავნილს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ყველა მოკავშირეს. ჩვენ აგრეთვე გვაქვს აქტიური დიპლომატია ნატო-ს ლიდერებთან ერთად, რომლებიც რუსეთთან დეესკალაციისთვის მუშაობენ. მივესალმები თქვენს მხარდაჭერას უკრაინისთვის, ისევე, როგორც ბოლოდროინდელ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან და საგარეო საქმეთა მდივან თრასის დღევანდელ ვიზიტს მოსკოვში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, მომდევნო კვირას ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეაფასებენ მოკავშირეების უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების ვარიანტებს.
„დღეს დილით მე გავუგზავნე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსეთის მიმართ მოწვევას, რომ გააგრძელოს ჩვენი დიალოგი ნატო-რუსეთის საბჭოს მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რათა დიპლომატიური გზა მოიძებნოს. ჩვენ მზად ვართ, რუსეთის შეშფოთებას მოვუსმინოთ და მზად ვართ, ვიმსჯელოთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და გაძლიერების გზებზე, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ჩვენ შევთავაზეთ ორმხრივი ბრიფინგები წვრთნებისა და ბირთვული პოლიტიკის, გამჭვირვალობის გაზრდისა და სამხედრო მოქმედებების რისკების შემცირების გზების შესახებ. ასევე, კიბერუსაფრთხეების შემცირების შესახებ და გვქონდა მნიშვნელოვანი საუბარი იარაღის კონტროლის, მათ შორის ბირთვული იარაღისა და სახმელეთო საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტებზე. ეს სფეროები წარმოადგენს მნიშვნელოვანი დიალოგის დღის წესრიგს, მაგრამ ამავდროულად ნატო არ არღვევს ძირითად პრინციპს, თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა და დაიცვას ყველა მოკავშირე. მომდევნო კვირას ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეაფასებენ მოკავშირეების უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების ვარიანტებს. ეს ითვალისწინებს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების შესაძლებლობას ჩვენი ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. განახლებული რუსული აგრესია გამოიწვევს ნატო-ს მეტ ყოფნას და არა ნაკლებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.