ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„არის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ ვიწყებთ ამ კრიზისიდან გრძელვადიანი გაკვეთილის გათვალისწინებას იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ უფრო სწრაფი რეაგირება.
ამჟამად ჩვენ ფაქტობრივად ვმუშაობთ გეგმაზე კორონავირუსის მეორე ტალღისთვის, რათა შევძლოთ ჩვენი ძალისხმევის დაჩქარება და გაძლიერება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამოყენებას ცდილობდნენ ნატო-ს მოკავშირეებს შორის უთანხმოების გამწვავებისთვის.
„ისინი ცდილობდნენ, დაედანაშაულებინათ ნატო-ს მოკავშირეები კორონავირუსში. ცდილობდნენ, გაევრცელებინათ გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებს შორის მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ და ასე შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ინტერვიუში.