იენს სტოლტენბერგი - ნატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ აპირებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ აპირებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ასრულებს ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამიტომ ევროპაში ამერიკის ახალი რაკეტები ჯერ არ არის. არის მხოლოდ ახალი რუსული რაკეტები“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთის ახალი სარაკეტო სისტემები ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
„ნატო არ აპირებს ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას, თუმცა როგორც ალიანსი, ვიღებთ პასუხიმგებლობას, ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“,- აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ათწლეულების წინ, რუსეთთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს.