იენს სტოლტენბერგი - ფინეთი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ალიანსის 31-ე წევრი
ფინეთი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ნატო-ს 31-ე წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მანამდე თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.
„მივესალმები თურქეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ნატო-ში ფინეთის წევრობის რატიფიცირებას. ამჟამად გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული აქვს ალიანსის 30-ვე წევრს. მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ საული ნიინისტოს და მივულოცე ეს ისტორიული დღე. ფინეთი ჩვენს ალიანს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება. მისი წევრობა ფინეთს უფრო უსაფრთხოს, ხოლო ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის. ფინეთს ჰყავს ბრძოლისუნარიანი ძალები, განვითარებული შესაძლებლობები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ამგვარად ფინეთის წევრობა ალიანს ბევრს მოუტანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს, როგორც ნატო-ს სრულუფლებიან წევრს.
„მოკავშირეები თანხმდებიან, რომ შვედეთისთვის რატიფიციკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესებშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები გასული წლის გაზაფხულზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ერთად შეიტანეს. ამჟამად შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება დარჩენილი აქვთ უნგრეთისა და თურქეთის პარლამენტებს.