იენს სტოლტენბერგი - ერებმა ერთად უნდა იმუშაონ დამოუკიდებლად მოქმედი ტერორისტების თავდასხმების აღსაკვეთად
ერებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ დამოუკიდებლად მოქმედი ტერორისტების თავდასხმები, რომლებიც ერთმანეთს შთააგონებენ, – ეს განცხადება ნატო-ს (NATO) გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ (REUTERS) ავრცელებს.
სტოლტენბერგმა ვიზიტის დროს ის მეჩეთი მოინახულა, სადაც რამდენიმე თვის წინ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს 51 ადამიანი დაიღუპა.
„ისინი მარტო მოქმედებენ, თუმცა შთააგონებენ ერთმანეთს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმს სხვადასხვა ხერხით უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 საათის განმავლობაში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პირველი თავდასხმა იყო ტეხასში. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 20 ადამიანი მოკლა, ათობით ადამიანი კი დაიჭრა. თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მისი მანიფესტი გავრცელდა, სადაც ის მხარს უჭერდა ახალზელანდიელ თავდამსხმელს.