იენს სტოლტენბერგი - ჩვენ დავადასტურეთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და შევთანხმდით უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროების გაუქმებაზე
ნატო-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ სამ ელემენტზე, რათა უკრაინა დააახლოონ ნატო-სთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პირველი გახლავთ რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მხარდაჭერის პროგრამა, რათა მოხდეს უკრაინის გადასვლა საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს სტანდარტების წვრთნებსა და დოქტრინებზე, რომ დავახმაროთ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში, ამასთან დავფაროთ კრიტიკული საჭიროებები, როგორებიცაა საწვავი, განაღმვითი აღჭურვილობა და მედიკამენტები; მეორე ელემენტი გახლავთ ნატო-უკრაინის ახალი საბჭო, რომელიც განკუთვნილია კრიზისული კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საბჭოში ჩვენ შევხვდებით როგორც თანასწორები. ველოდები ამ საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას ხვალ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი; მესამე ელემენტია ის, რომ ჩვენ დავადასტურეთ, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროების გაუქმებაზე. ეს შეცვლის ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზას და ის ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვთქვით, რომ გავუგზავნით უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზას წარმოადგენს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა
მისივე თქმით, მოკავშირეებმა დღეს ასევე დაამტკიცეს თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა.
„ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. ეს არის შექმნილი ორი საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ვართ – რუსეთი და ტერორიზმი და არის ახალი გეგმები. ნატო-ს მიზანია, ჰყავდეს მაღალი მზადყოფნის 300 000 სამხედრო მოსამსახურე, რაც მოიცავს არსებით საჰაერო და საზღვაო ძალებს. თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება მოითხოვს ძლიერ ინდუსტრიულ ბაზას. ლიდერებმა წარადგინეს თავდაცვის მრეწველობის ახალი გეგემა, ეს გააძლიერებს ერთობლივ შესყიდვებს, ბიძგს მისცემს ურთიერთავსებადობას და შექმნის წარმოების და ინვესტიციების შესაძლებლობებს. ამის გასაკეთებლად აუცილებელია მეტი ინვესტიციების დაბანდება თავდაცვაში. ჩვენი ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპასა და კანადაში თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზრდება 8,3 პროცენტით 2023 წელს. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.