ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩინეთის მიერ უსაფრთხოების ახალი კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა.
ალიანსის გენერალური მდივანი თვლის, რომ ამ კანონის მიღებით ჩინეთი ჰონგ კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.
„ნათელია, რომ ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ეს კანონი ჰონგ კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრა იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ახალი კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება ჰონგ კონგის გამოყოფისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ცენტრალური მთავრობის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ტერორიზმი ან უცხოურ და გარე ძალებთან შეთქმულება.
გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ კონგში გახსნის ახალ ოფისს, რომელიც იმუშავებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე და ექნება გარკვეული უფლებამოსილებები, მათ შორის, ჰონგ კონგის სკოლებში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ განათლების მონიტორინგი. ასევე, ჰონგ კონგს ევალება, შექმნას ეროვნული უსაფრთხოების კომისია, რათა შეასრულოს ახალი კანონით გათვალისწინებული პირობები პეკინის მიერ დანიშნულ მრჩეველთან ერთად.