იენს სტოლტენბერგი - ბირთვულ საკითხებზე რუსეთის რიტორიკა სახიფათო და უგუნურია, მან უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ეყოლება
გადაუდებელი ამოცნააა იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ევროპაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ახლა გავაკეთოთ, უკრაინისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაა, რადგან თუ უკრაინა არ დარჩება დემოკრატიულ სახელმწიფოდ ევროპაში, მაშინ აღარანაირი საკითხები არ იქნება სადისკუსიო უსაფრთხოების გარანტიებსა და ნატო-ს წევრობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის პოზიტიური გზავნილი აქვთ, არც ასახული იქნება კომუნიკეში, რომელიც სამიტის შემდეგ გამოქვეყნდება.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრებას რა შეეხება, ჩვენ გვექნება პოზიტიური გზავნილი და სამიტის დასასრულს მიღებული კომუნიკეს ტექსტი გამოქვეყნდება მალევე, როცა ყველა წევრი შეთანხმდება ტექსტზე. დარწმუნებული ვარ, ისინი შეთანხმდებიან უკრაინის ნატო-სთან მიახლოებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისა და ნატო-ს ძალების ურთიერთთავსებადობა, შეთანხმდებიან, რომ შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, უნდა მოიხნას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროება. ეს ყველაფერი ეხება უკრაინის დაახლოებას ნატო-ს წევრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება და საკითხზე მოკავშირეების ერთსულოვნებას აჩვენებს. პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა სამიტზე და ის დღეს საღამოს ვახშამს დაესწრება და ხვალ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომასაც. მოკავშირეები სიამოვნებით უმასპინძლებენ მას. ნატო-ს მოკავშირეები გააგზავნიან მტკიცე და ერთიან, პოზიტიურ გზავნილს უკრაინისადმი, თუმცა წინასწარ არ ვისაუბრებ ტექსტზე, რადგანაც ეს საჯარო გახდება, როცა კომუნიკე შეთანხმდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ბირთვულ საკითხებზე რუსეთის რიტორიკა სახიფათო და უგუნურია.
„რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ეყოლება და ეს ომი არ უნდა შედგეს. ნატო-ს მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან, რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ ვგმობთ რუსეთის გაცხადებას, რომ ის ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას გააგზავნის ბელარუსში. ჩვენ ამას ვაკვირდებით. ჯერ არ გვინახავს რუსეთის პოზიციებში ცვლილებები, რაც საჭიროებს პასუხს, თუმცა ჩვენ ფხიზლად ვართ, რომ უზრუნველვყოთ ნატო-ს ყველა წევრის უსაფრთხოება ნებისმიერი საფრთხის წინაშე. რაც შეეხება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს, ნატო-ს გზავნილია, რომ მათ უნდა გაიყვანონ ჯარები, რადგან მათი ქცევა ზაპოროჟიეში ძირს უთხრის ევროპაში უდიდესი ატომური სადგურის უსაფრთხოებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.