იენს სტოლტენბერგი - აქტიურად ვმუშაობთ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე, კონტაქტზე ვართ პრეზიდენტ ერდოღანთან, თურქეთის წუხილი ლეგიტიმურია და მას პასუხი უნდა გაეცეს
მივესალმები ფინეთისა და შვედეთის აპლიკაციას, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გაწევრიანების პროცესის შემდეგ ნაბიჯებზე. ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე ვართ და ორივე ვესაუბრეთ პრეზიდენტ ერდოღანს, ყველა მოკავშირის წუხილი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იყოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, თურქეთის წუხილი ლეგიტიმურია და მას პასუხი უნდა გაეცეს.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მადრიდის სამიტზე სპეციალური სესია დაეთმობა ნატო-ს კონტრტერორისტულ აქტივობებს.
„არც ერთი მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორისტებისგან ისე, როგორც თურქეთი. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ უნდა გავაორმაგოთ მუშაობა ტერორიზმის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მადრიდის სამიტზე გვექნება სპეციალური სესია ნატო-ს კონტრტერორისტულ აქტივობებზე. ჩვენ ახლა ერთობლივად ვმუშაობთ შეთანხმებაზე ფინეთთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან. ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების აპლიკაციები ისტორიულია. თქვენი წევრობა გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენს წინაშეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი უსაფრთხოების კრიზისი. ყველა მოკავშირე აცნობიერებს ამას, ყველამ თქვა ნათლად, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია და ყველა მოკავშირემ იცის, რომ ფინეთისა და შვედეთის წევრობით ნატო უფრო ძლიერი იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.