იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენება ნატო-ს კონფლიქტის ნაწილად არ აქცევს
უკრაინა დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის თუ გამოიყენებს, ეს ნატო-ს კონფლიქტის ნაწილად არ აქცევს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ უკრაინას იარაღს ვაწვდით, ნატო-ს კონფლიქტის ნაწილად არ აქცევს. ჩვენ გვაქვს უფლება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ისე, რომ კონფლიქტის მონაწილე არ გავხდეთ, რადგან ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავისი თავდაცვის უფლების დაცვაში. ზოგიერთ მოკავშირეს არასდროს დაუწესებია შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყენოს უკრაინამ მიწოდებული იარაღი. და როდესაც მათ უკრაინას იარაღი გადასცეს, ეს უკრაინის იარაღია. ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ეს ომი რუსეთმა დაიწყო და უკრაინას, საერთაშორისო სამართლის თანახმად, აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ეს უფლება კი მოიცავს უკრაინის გარეთ, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებსაც.
„ყველაზე მძიმე ბრძოლა ახლა ხარკოვის რეგიონში მიმდინარეობს, უკრაინა-რუსეთის საზღვართან ახლოს და საზღვრის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ფრონტის ხაზი. შესაბამისად, უკრაინელებისთვის რთული იქნება საკუთარი თავის დაცვა, თუ ისინი ვერ მიაყენებენ დარტყმებს საზღვრის მეორე მხარეს მდებარე სამხედრო სამიზნეებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.