იენს სტოლტენბერგი - აბსოლუტურად მშვიდად ვარ, შვედეთი აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, გვექნება მჭიდრო კონტაქტი პრეზიდენტ ერდოღანთან, რათა პროცესს დავეხმაროთ
აბსოლუტურად მშვიდად ვარ იმასთან მიმართებით, რომ შვედეთი აუცილებლად გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოსლოში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრები გაიმართა.
„ჩვენ გვექნება მჭიდრო კონტაქტი ანკარასთან, პრეზიდენტ ერდოღანთან, რათა დავეხმაროთ ამ პროცესს, რომ რაც შეიძლება მალე წარიმართოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თავად სურს, რადგან რთულია ნატო-ს წევრი 31 ქვეყნის ერთ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება.
შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი კვლავ თურქეთი რჩება, რადგან პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყნის მთავრობას თურქეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. თურქეთის გარდა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება ამ დრომდე არც უნგრეთს მოუხდენია.