იემენის ქალაქი ადენი მთავრობამ „კოვიდ-19“-ით დაავადებულ ზონად გამოაცხადა
იემენის მთავრობამ ქალაქი ადენი „კოვიდ-19“-ით დაავადებულ ზონად გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ადენში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ხუთწლიანმა ომმა იემენის ჯანდაცვის სისტემა დაასუსტა, მილიონობოთ ადამიანი შიმშილამდე მიიყვანა და ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასა და ჰუსიტურ დაჯგუფებას შორის დაყო, რომელმაც მთავრობა ქვეყნის დედაქალაქიდან, სანადან, 2014 წელს გააძევა“, – წერს „როიტერი“
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იემენში გავრცელების ტემპმა უკვე მაქსიმუმს მიაღწია და მოსახლეობაში ვირუსი ფარულად ვრცელდება.
ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 51 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის რვა პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა ტესტების ნაკლებობის გამო, დიდი ალბათობით რეალური რიცხვი ბევრად მაღალია.