იემენიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
იემენიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა.
სარაკეტო იერიშამდე საჰაერო განგაში ისმოდა თელ-ავივსა და ცენტრალურ ისრაელში.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ თელ-ავივის მახლობლად მდებარე ქალაქ მოდიინში, რკინიგზის სადგურზე დაზიანებულია ესკალატორი.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გოლანის მაღლობებისა და გალილეის მიმართულებით ლიბანიდან 40-მდე რაკეტა გაუშვეს. მათი ნაწილი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ნაწილი კი ღია ადგილებში ჩამოვარდა. იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, მათი სამიზნე ისრაელის სამხედრო ბაზა იყო. როგორც „ჰეზბოლას“ წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული იერიში იყო პასუხი ლიბანზე ისრაელის ბოლო დარტყმებზე.