იემენელი „ჰუსიტები“ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს იემენის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ
იემენელი „ჰუსიტები“ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს იემენის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, „ჰუსიტები“ მოითხოვენ, რომ გაერო-სა და იემენის დედაქალაქში მომუშავე სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ამერიკელმა და ბრიტანელმა თანამშრომლებმა ქვეყანა ერთი თვის ვადაში დატოვონ.
საგანგებო წერილში მეამბოხე „ჰუსიტები“ ასევე მოუწოდებენ უცხოურ ორგანიზაციებს, იემენში სამუშაოდ აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები აღარ აიყვანონ.
ცნობისთვის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რამდენჯერმე მიიტანეს დარტყმები იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე. იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მცურავ სავაჭრო გემებს გაუხსნეს ცეცხლი და საფრთხე შეუქმნეს საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო დერეფანს. „ჰუსიტების“ თქმით, ისინი ამგვარად უცხადებენ სოლიდარობას პალესტინელ ხალხს და მოითხოვენ ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების შეჩერებას.