იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად, გერმანია საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს
იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად, გერმანია საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს

გერმანიის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადასცემს. თანხები დევნილთა განსახლებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და დასაქმებას მოხმარდება.

გარდა იმისა, რომ აშენდება 240-მდე სახლი, იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ ამ სახლში მაცხოვრებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აწარმოონ მეურნეობა და პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„უკვე ცნობილია, რაში დაიხარჯება თანხები, ეს არის: დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწებზე 236 კერძო სახლის აშენება მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 ინფრასტრუქტურული პროექტი დევნილთა დასახლებაში ან მის სიახლოვეს, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება და 2 არსებული ბაღის რეაბილიტაცია, 130 ბიზნესგრანტის გაცემა, 260-მდე დევნილი ახალგაზრდისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა  და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. ის 2019 წელს დაიწყება და 3 წლის განმავლობაში
გაგრძელდება.