„IDS ბორჯომის“ დასაქმებულები შესაძლოა, ხვალ კომპანიის გენერალურ დირექტორ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ
„IDS ბორჯომის“ დასაქმებულები შესაძლოა, ხვალ კომპანიის გენერალურ დირექტორ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.
მათი ცნობით, ივანე მაჭავარიანმა დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.
„ლაბორის“ თავმჯდომარემ „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტის მიერ დისკრიმინაციის, მუქარის, დაშინებისა და იძულების შესაძლო ფაქტებზე, ასევე დასაქმებულთა კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული, პროფესიული კავშირებისა და მასში გაწევრიანების უფლების შესახებ, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისა და პროფკავშირის დაშლის მცდელობისთვის საქართველოს სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექტირების სამსახურს ოფიციალურად წერილობით მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად (უბნის უფროსები ურეკავენ დასაქმებულებს) ხვალ, 17 მაისს, 12:00 საათზე პირველ ქარხანაში და 15:00 საათზე მეორე ქარხანაში დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ მასთან შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში თავად დასაქმებულები ითხოვდნენ, თუმცა დასაქმებულთა თხოვნის მიუხედავად, ივანე მაჭავარიანი მათ არ შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 11:00 საათზე ბორჯომის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დარგის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძესთან ერთად „გაფიცვის ადგილას“ დასაქმებულებს შეხვდება. სამწუხაროდ, ივანე მაჭავარიანს ცოტა დააგვიანდა დასაქმებულებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნულ საკითხს ხვალ, 17 მაისს, 11:00 საათზე პირველი ქარხნის წინ „გაფიცვის ადგილას“ მაინც განვიხილავთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.