იდლიბში თურქეთის უპილოტო თვითმფრინავების ავიაიერიშის დროს სირიის სახელისუფლო არმიის ორი გენერალი დაიღუპა
იდლიბის რეგიონში თურქეთის სამხედრო უპილოტო თვითმფრინავების ავიაიერიშის დროს სირიის სახელისუფლო არმიის ორი გენერალი მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად, ორი გენერალი და ერთი პოლკოვნიკია ლიკვიდირებული.
ოპერაცია, „გაზაფხულის ფარის“ ფარგლებში, თურქეთმა სირიის არმიის 2 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი გაანადგურა. თურქეთის სამხედრო ავიაციამ ბოლო მონაცემებით სირიის ხელისუფლების სამი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ალეპოს პროვინციაში მდებარე სირიის არმიის „ალ-ნაირაბის“ სამხედრო ბაზაზეც, რომელიც მთლიანად გაანადგურეს.
თურქეთისგან მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში ცხრა სოფელზე დაამყარეს კონტროლი. შეიარაღებული დაპირისპირების დროს დანაკარგები აქვს თურქეთის არმიასაც. სირიის მედია წერს, რომ სირიელმა სამხედროებმა თურქეთის არმიის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაპირისპირების ფონზე, სირიის ხელისუფლებამ იდლიბის რეგიონში საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთში აცხადებენ, რომ სირიის საჰაერო სივრცეში თურქული საფრენი აპარატების უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფენ.
თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, იდლიბის რეგიონში თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაიჭრა. 27 თებერვლის შემდეგ, იდლიბის რეგიონში თურქეთი ოპერაცია, „გაზაფხულის ფარს“ ატარებს.