იდლიბში განვითარებული მოვლენების ფონზე, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს.
თურქეთის მმართველი პარტიის, „სამართლიანობისა და განვითარების“ პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, თურქეთი ამ თავდასხმას განიხილავს როგორც ნატო-ზე თავდასხმას.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები იცავენ როგორც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ნატო-ს სამხრეთ საზღვარს. თურქეთზე მიმართული თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატო-ზე“, – განაცხადა ომერ ჩელიკმა.
თურქ სამხედროებზე თავდასხმა დაგმეს ასევე თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
ბოლო მონაცემებით, იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.