„ICOMOS საქართველო“ - უშგულსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თანამედროვე მშენებლობებმა შესაძლოა,  ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს
„ICOMOS საქართველო“ - უშგულსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თანამედროვე მშენებლობებმა შესაძლოა,  ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს

უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, შესაბამისად მის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება, – ამის შესახებ ჩაჟაშის (უშგული, ზემო სვანეთი) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ICOMOS საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემუშავებული პროექტის დარღვევით. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის დუღაბი, გადახურვებში რუბეროიდის ფენილი, გადახურვის გადაკერებული ძელები და ა.შ.). რიგ შემთხვევებში, იკვეთება შემსრულებელთა მხრიდან შესაბამისი უნარჩვევების არ ქონა (ფიქალის გადახურვის მოწყობა და აშ.). სახეზეა საავტორო ზედამხედველობის არარსებობის და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგები.

„მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტრადიციულ სამშენებლო მასალასთან წვდომის საკითხი დასმულია მთავრობის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და ჯერაც არ არის გადაწყვეტილი; დამაფიქრებელია ფაქტები, რომლებიც ავლენენ კანონის არ აღსრულების ფაქტიურად წესად ქცევას. მთელ რიგ შემთხვევებში, საქართველოს ეროვნულ სააგენტოს გაფრთხილება აქვს მიცემული მეპატრონისთვის ან სასამართლოში აქვს საქმე გადაცემული, თუმცა კანონდარღვევები და უკანონო მშენებლობების აღკვეთა მაინც არ ხდება.

საგანგაშოა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების, თუ რიგ შემთხვევებში, ასეთ სამუშაოებზე ნებართვის გაცემაზე დაჟინებული მოთხოვნის ფაქტების სიმრავლე, ვინაიდან ეს ნათლად აჩვენებს მათ გაუთვითცნობიერებულობას, როგორც ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულებების, ისე ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვის რისკებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, „ICOMOS საქართველოს“ შეფასებით, უშგულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო შექმნილი ვითარება სიღრმისეულად უკავშირდება ძეგლის მართვის სისტემის პრობლემებს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სექტორის წინაშე და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაშიც.

„ICOMOS საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ დასაწყებია მუშაობა ძეგლის ადგილზე მართვის გასაუმჯობესებლად, ახლად შექმნილ მუზეუმ-ნაკრძალს ესაჭიროება ინსტიტუციური გაძლიერება; დასამუშავებელია ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს, არა მხოლოდ დარგობრივი ინსტიტუციებისა და ადგილობრივი თემის ჩართულობასა და პასუხისმგებლობებს უშგულის, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის მიმართ, არამედ ასევე მთავრობის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც, როგორც ეს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით არის განსაზღვრული.

„ICOMOS საქარველოს“ ექსპერტთა საბჭომ ჩაჟაშის (უშგული, ზემო სვანეთი) მსოფლიო მემეკვიდრეობის ძეგლზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა.

დატოვე კომენტარი