„იბერიის“ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არხის დამფუძნებლისგან ვერ მოისმინეს, როდის მიიღებენ კუთვნილ დავალიანებას
ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებსა და არხის დამფუძნებელ ნატო ჩხეიძეს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, მკაფიო პასუხი ვერ მოისმინეს, თუ როდის მიიღებენ კუთვნილ დავალიანებას და ორთვიან ფინანსურ კომპენსაციას, რასაც მათი შრომითი ხელშეკრულებები ითვალისწინებდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, არხის დამფუძნებელმა იურისტებთან კონსულტაცია ითხოვა და განაცხადა, რომ დავალიანება დაიფარება, თუმცა დღეს კომპანიას ამის საშუალება არ გააჩნია.
თავად ნატო ჩხეიძეს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. მაუწყებლობის შეჩერებას წინ უძღოდა „იბერიის“ ხელმძღვანელი პირების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. დეპუტატი ნატო ჩხეიძე და მისი მეუღლე „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებენ, რომ მთავრობა ბიზნესში ფინანსური პრობლემების შექმნით ცდილობს „იბერიის“ გაჩერებას.