იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით ოთხი მცირეწლოვანი მიიყვანეს
თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციით ოთხი მცირეწლოვანი მიიყვანეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კლინიკაში მიყვანილი პაციენტები ორიდან ექვს წლამდე ბავშვები არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ტოქსიკოლოგები აკვირდებიან.
პაციენტებს კლინიკაში გადაყვანისას თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, გულისრევა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ.
„პაციენტების შემოყვანისას მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. ცნობიერება ოთხივე პაციენტის იყო ნათელი, აბსოლუტურად კონტაქტური, ადეკვატური. ახლა მიმდინარეობს ამ პაციენტების მონიტორინგი. მათი მდგომარეობა განმეორებით შეფასდება და სავარაუდოდ ოთხივე დღესვე გაეწერება ბინაზე“ – განცხადა მორიგე პედიატრმა თამარ ყიყიშვილმა.
როგორც „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა განაცხადა, მისთვის ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია.
„ჩვენთვის უცნობია მოწამვლის მიზეზი, გამათბობლიდან გაჟონვა არ აღინიშნა, მაგრამ აყენია ღია კამერიანი წყალგამათბობელი, რომლის დამონტაჟებაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში, სავარაუდოდ აქედან იყო CO გამოშვებული“, – განაცხადა ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა.