იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს „იაპონიის კავკასიის ინიციატივა“ გააცნო
საქართველოს და იაპონია ერთობლივი ძალისხმევით მოახდენენ არსებული პოტენციალის უკეთ ათვისებას და კერძო სექტორში თანამშრომლობის წახალისებას. ასეთი განცხადება გააკეთა სდაგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისში, იაპონელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსთან განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალური მოლაპარაკებების მიმდინარეობა, რომლის ძირითად პრინციპებზე მიღწეულია შეთანხმება პოლიტიკურ დონეზე.
„ვიმედოვნებ, აღნიშნული პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე აღვნიშნეთ შემდგომი შესაძლებლობები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისი სახელშეკრულებო ბაზის დახვეწა დამატებით მოტივაციას შეუქმნის იაპონიის კერძო სექტორს, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ფასდაუდებელია იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მორალური და მატერიალური თანადგომა, რომელსაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული როლი შეაქვს საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საქართველოსა და იაპონიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიცისიებისადმი ერთგულება აერთიანებთ. გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის მუდმივად ძლიერდება ხალხთა შორის კავშირები და ღრმავდება კულტურული თანამშრომლობა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა – „იაპონიის კავკასიის ინიციატივა“ და მის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტები გააცნო.
„ინიციატივა გულისხმობს როგორც ახალ მიმართულებებს, ასევე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში უკვე არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მისასალმებელია იაპონიის მთავრობის სტრატეგიული ხედვა ჩვენი რეგიონის მიმართ და გამოვთქვამთ აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნას. აღნიშნული ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, – განცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა ლევან გორგოძის (ტოჩინოშინი) წარმატებაზეც.
„2018 წლის პირველი ტურნირის ჩემპიონობამ მას ოძეკის სტატუსი და საქართველო-იაპონიას შორის საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ დატვირთვას შეიძენს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, კონოს ვიზიტით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ყველა მიმართულებით. საუბარი გვქონდა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც არის საქართველო. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, ასევე ჩვენს თანამშრომლობაზე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის ფორმატში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შეთახნმება გაფორმდა, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
ამასთან, პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ განაცხადა, რომ იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს.