იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 26 პირი კი, დაკარგულად მიიჩნევა.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო 5 მილიონზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა. შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლაც.
სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც ეხმარებიან. მიწისძვრით გამოწვეული რამდენიმე მეწყერის გამო, გარკვეულ ადგილებში მუშაობა განსაკუთრებით არის გართულებული.
სტიქიის ეპიცენტრი, კუნძული ჰოკაიდო, რომელიც სიდიდით ავსტრიას უტოლდება, პოპულარული ტურისტული ადგილია.
ბოლო ერთი კვირის განამვლობაში იაპონიაში მიწისძვრა უკვე მეორე სტიქური უბედურებაა. რამდენიმე დღის წინ იაპონიას 25 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. გუშინდელ მიწისძვრას კი, ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
ამასთან, როგორც პირველ არხს გუშინ იაპონიაში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, სტიქიის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.