საქართველოს საელჩო - იაპონიაში მიწისძვრით ან ტაიფუნის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
საქართველოს საელჩო - იაპონიაში მიწისძვრით ან ტაიფუნის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

იაპონიაში საქართველოს საელჩოში მიწისძვრით ან ტაიფუნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე შეტყობინება არ შესულა.

როგორც პირველ არხს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, დავით გოგინაშვილმა განუცხადა, საელჩო უკვე დაუკავშირდა კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრებ ქართველს და გაარკვია, რომ დაშავებული არ არის.

„ჩვენი ინფორმაციით, ვინც ცხოვრობს კუნძულ ჰოკაიდოზე, მას დღეს დავუკავშირდით და ქართველი არავინ არის დაშავებული. ვინც დარეგისტრირებულია და ვისზეც საელჩოს აქვს ინფორმაცია, ნამდვილად არავინ დაშავებულა. შუქი აქვთ გათიშული და როგორც გავარკვიეთ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას. საელჩოს სატალეფონო ნომერი მუშაობს და ნებისმიერ დროს მზად ვართ, მივიღოთ ზარები“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება, კანსაის რეგიონს, რომელსაც ტაიფუნმა გადაუარა, დაშავებულთა შორის ქართველები არც იქ არიან.

კანსაის რეგიონში უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ყველანი კარგად არიან.  ჰოკაიდოზე ერთი ქართველი ცხოვრობს, კანსაის რეგიონში მეტი, მაგრამ რამდენიმე მათგანი ახლა საქართველოში იყო წამოსული“, – განაცხადა დავით გოგინაშვილმა.

იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 110 დაშავებულია, 19 კი, უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მიწისძვრის შედეგად მთიან რეგიონებში მეწყერიც ჩამოწვა.

ამასთან, გუშინ, იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „ჯებიმგადაუარა. სტიქიამ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე პირი.