იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაი მერვე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება
იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაი მერვე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. 45 წლის მხტომელის შედეგი სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთათვის რეკორდული მაჩვენებელია.
ნორიაკი კასაი გუნდურ პირველობაში ლილეჰამერის (1994) ზამთრის თამაშების ვერცხლისა და სოჭის (2014) ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია, შესაბამისად, პირად და გუნდურ პირველობაში.
2016 წელს ნორიაკი კასაის სათხილამურო სპორტის სახეობებში მსოფლიოს თასის ეტაპებზე სტარტების რეკორდული რაოდენობისთვის (535) გინესის რეკორდების სერტიფიკატიც გადაეცა (1989-2017 წლების სეზონი). მასვე ეკუთვნის 35 წელს გადაცილებულ სპორტსმენთა შორის რეკორდული ნახტომი – 241,5 მეტრი, რომელიც შარშან შეასრულა. ამასთან, იაპონელი ყველაზე ასაკოვანი ტრამპლინიდან მხტომელია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადებზე მედალი მოიპოვა. ასევე, იგი გახლავთ მსოფლიო თასის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული (პირადში) და მონაწილეც.
ოლიმპიურ თამაშებზე ათგზის მონაწილეობით აბსოლუტური რეკორდსმენი კანადელი ცხენოსანი იან მილარია, ოლიმპიურ თამაშებზე ცხრაჯერ ორი სპორტსმენი გამოსულა, ხოლო რვაგზის ოლიმპიელთა სიაში ჯერჯერობით ცხრა სპორტსმენია, მათ შორის არის ტყვიით სროლაში სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ამავე თამაშების ვერცხლისა და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე.