2021 წლის პირველი სუპერტურნირი იოკოძუნების გარეშე ჩატარდება. ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე, მასში მონაწილეობაზე უარი მეორე მონღოლმა – დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ განაცხადა.
„წერო დრაკონმა“ მიზეზად წელის ტრავმა დაასახელა, რომელიც დიდი ხანია აწუხებს. მისი განცხადებით, სასურველ ფიზიკურ კონდიციაში ჯერ კიდევ არაა. კაკურიუმ რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, ერთი თვის წინ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო, რაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, სუმოში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.
ეს მონღოლი მებრძოლის მე-19 კიუჯოა (ბაშოს გამოტოვება), რაც არა მხოლოდ გულშემატკივრის, არამედ სუმოს ასოციაციის უკმაყოფილებასაც იწვევს. როგორც ამბობენ, ამას შესაძლოა კაკურიუს „ინტაი“, ანუ კარიერის დასრულება მოჰყვეს. ჰარუ ბაშო ტოკიოში 10 იანვარს დაიწყება.