იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შედგა
საქართველოში 2020 წლის იანვარში ყველაზე მეტი – 124 534 საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან შედგა, ეს მაჩვენებელი 34.9 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვრის მონაცემებს.
ვიზიტორთა სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მეორე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 91 580 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 17.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელს.
მესამე ადგილზეა რუსეთი, 86 884 საერთაშორისო ვიზიტით (ზრდა – 1.1 პროცენტი) და მეოთხეზე თურქეთი, 75 012 საერთაშორისო ვიზიტით (ზრდა – 16.6 პროცენტი).
ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. იანვარში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია – 133.1 პროცენტიანი ზრდა, პოლონეთი – 82.9 პროცენტიანი ზრდა, საფრანგეთი – 46.8 პროცენტიანი ზრდა, ლიეტუვა – 43.7 პროცენტიანი ზრდა და სხვა.
ასევე, 2020 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 57.3 პროცენტით, საუდის არაბეთიდან – 49.8 პროცენტით, ყაზახეთიდან – 44.8 პროცენტით, ქუვეითიდან – 44.6 პროცენტით და სხვა ქვეყნებიდან.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 217 მილიონ დოლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11 მილიონით აჭარბებს.
ამასთან, 2020 წლის იანვარში საქართველოს 633 201 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8 პროცენტით მეტია.