იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 პროცენტით, ავიარეისები კი, 11 პროცენტით შემცირდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები ჯამში 597 506 მგზავრს მოემსახურა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარ-თებერვალი 625 222 მგზავრი).
კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-თებერვალში საქართველოს ყველა აეროპორტში 2 923 რეისი შესრულდა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე. (2019 წლის იანვარ-თებერვალი – 3 298 რეისი).
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის თებერვალში 187 975 მგზავრს მოემსახურა, რაც 21 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (238 432). 19 პროცენტიანი კლება ფიქსირდება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც, ამ თვეებში თბილისის აეროპორტმა 399 557 მგზავრი მიიღო, წინა წლის ანალოგიური პერიოდში კი – 490 608 მგზავრი.
უწყება განმარტავს, რომ კლების მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა იყო, ასევე, გასული წლის ზაფხულში რუსეთის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვა.
ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 23 პროცენტით შემცირდა ავირეისების როდენობაც. (2020 წლის იანვარ-თებერვალი – 2 081 რეისი, 2019 წლის იანვარ-თებერვალი – 2 707 რეისი).
თბილისისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18 250 მგზავრმა ისარგებლა, რაც 28 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 14 279 მგზავრი). მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით კი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 40 251 მგზავრს მოემსახურა, 33 პროცენტით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 74 477 მგზავრი მიიღო, რაც 57 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში კი, აღნიშნულ აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 51 პროცენტით მეტია და 156 285-ს შეადგენს.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტში 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი 84 პროცენტით გაიზარდა, ამბროლაურის აეროპორტში კი, 9 პროცენტით. ადგილობრივი აეროპორტები 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჯამურად 1 413 მგზავრს მოემსახურნენ, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58 პროცენტით მეტია.