იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა, – საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 145.2 მლნ. აშშ დოლარით აზერბაიჯანი იკავებს, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 135.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 125.6 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 406.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 270.1 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 221.8 მლნ. აშშ დოლარით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.8 პროცენტით ნაკლებია.