წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8 პროცენტით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.8 პროცენტით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარს (11.8 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-აპრილში, 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტია.

ამასთან, იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 134.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ფეროშენადნობები 91.8 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 186.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 171.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 166.1 მლნ. აშშ დოლარით.