იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით დღეს მედიას შეხვდება
იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით დღეს მედიას შეხვდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მისიის დასრულების აღსანიშნავად, იანოშ ჰერმანი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე დაგეგმილია ელჩის მიმართვა, რის შემდეგაც ის ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იანოშ ჰერმანს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მთავარი მრჩეველი კარლ ჰარცელი შეცვლის.

შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი დონალდ ტუსკის კაბინეტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა ცენტრალური აზიის და ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემატიკა.

დიპლომატი საქართველოში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მას ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ. კომიტეტის წევრი დეპუტატების წინაშე კარლ ჰარცელი 3 სექტემბერს წარდგება.