იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელმაც ოთხწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ბოლო ოთხი წელიწადი ამბიციური იყო.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბევრი რამ მოხდა და დღეს საქართველო ისეთი არ არის, როგორიც 2014 წელს იყო. ჰერმანმა ამ თვალსაზრისთ ხაზი გაუსვა, რომ ძალაში უკვე შევიდა ასოცირების შეთანხმება, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, რის შედეგადაც, მისი თქმით, ასობით ადამიანმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიური პოლიტიკური თანამშრომლობა არსებობს, რომლის კულმინაცია მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი იყო.
ჰერმანმა ისაუბრა იმ ფინანსურ მხარდაჭერაზეც, რაც ევროკავშირის მხრიდან წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ განხორციელდა. ეს იქნება გრანტები, თუ ფინანსური დახმარებები.
იანოშ ჰერმანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში გატარებულ რეფორემბზე და განაცხადა, რომ საქართველო მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი რეფორმა გატარდა, თუმცა უნდა გაგრძელდეს რეფორმები, როგორც ადამიანების უფლებების, ისე კანონის აღსრულების თვალსაზრისით.
იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზეც და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების სფეროში აქტიურად იყო ჩართული. მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ უნდა იყოს ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი მოთამაშე.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ჰერმანმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგზაო რუკაზეც და აღნიშნა, რომ ევროკავშირსაც უნდა ჰქონდეს საგზაო რუკა საქართველოში.
როგორც ჰერმანმა განაცხადა, ევროკავშირის სტანდარტების საქართველოში დანერგვა საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, ჰერმანმა საქართველოში გატარებულ წლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრებისას ბევრ სიკეთეს ეზიარა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ გამოწვევებსაც აწყდებოდა, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები ხშირად დგანან.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას, კოლეგებს. ამასთან, სულიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
ჰერმანმა აღნიშნა ისიც, რომ მან ოთხი წლის მანძილზე ითანამშრომლა ქვეყნის ერთ პრეზიდენტთან, სამ პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის ორ თავმჯდომარესთან და უზენაესი სასამართლოს ორ თავმჯდომარესთან.