იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის საკითხს ყურადღებით ადევნებს თვალს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარი ევროკავშირის შეშფოთებასა და წუხილს იწვევს.
„ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. ნება მიბოძეთ, მე პირადად ასევე მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს სიტუაცია ჩვენს შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს ორ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე ველოდებით, რომ განხორციელებული იქნება ყველა სხვა ზომა დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ სიტუაციის“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.