იანის ანტეტოკუნმპო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ღირებული (MVP) მოთამაშე წელს ზედიზედ მეორედ გახდა
ისევე როგორც წინა სეზონზე, წელსაც ლიგის ყველაზე ღირებული (MVP) მოთამაშის ჯილდო „მილუოკის“ ლიდერ იანის ანტეტოკუმპოს ერგო. „ბაქსის“ ბერძენმა სუპერვარსკვლავმა ამით მაიკლ ჯორდანის, ლებრონ ჯეიმსის, სტეფ კარის, სტივ ნეშის, ტიმ დანკანის, ლარი ბერდის, მოუსეს მელოუნის, კარიმ აბდულ ჯაბარის, ვილტ ჩემბერლენისა და ბილ რასელის შედეგი გაიმეორა.
იანისს ხმათა უმრავლესობა ერგო (101-დან 85 ხმა). მან ჯამში 962 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას 100 სპორტული ჟურნალისტი იღებდა. საინტერესოა, რომ ლებრონ ჯეიმსს მხოლოდ 16 ხმა ერგო, რამაც „მეფის” უკმაყოფილება გამოიწვია. ჯეიმსმა „დენვერთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან უკმაყოფილება არ დამალა. ის 753 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. მესამე ადგილზე ჯეიმს ჰარდენი მოხვდა (367 ქულა), მეოთხე პოზიცია ლუკა დონჩიჩს ერგო (200 ქულა), კავაი ლეონარდი კი 168 ქულით მეხუთე პოზიციაზე გავიდა.
საინტერესო ფაქტია, რომ იანის ანტეტოკუნმპომ ლეგენდარული ჰაკიმ ოლაჯუვონისა და მაიკლ ჯორდანის შედეგი გაიმეორა. მან ერთი სეზონის განმავლობაში წლის ყველაზე ღირებული (MVP) მოთამაშის ტიტულთან ერთად სეზონის საუკეთესო დამცველის ჯილდოც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე „მაიმისთან“ 4-1 დამარცხდა. იანისი 2019-20 წლების სეზონზე მატჩში საშუალოდ 29.5 ქულას, 13.6 მოხსნასა და 5.6 პასს აგროვებდა.