მამუკელაშვილის 21 წუთი და იანისის ტრავმა - „ბაქსმა“ ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT 
მამუკელაშვილის 21 წუთი და იანისის ტრავმა - „ბაქსმა“ ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL STAR-ის უიქენდის დაწყებამდე, გუნდებმა ბოლო შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა 112-100.

მამუკელაშვილმა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი, 20:36 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 2 ქულის, 5 მოხსნის, 1 ჩაჭრისა და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდრომ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 4-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. დიდი სათამაშო დროის მიუხედავად, მას ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა.

ქართველ კალათბურთელს სანახაობრივი მომენტიც ჰქონდა – მან ზაკ ლავინს ეფექტურად დაუფარა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი პირველ ორ მეოთხედში გადაწყდა, რადგან ვისკონსინელებმა მეტოქეს 12 ქულით მოუგეს და საბოლოო ჯამში, ეს სხვაობა შენარჩუნდა.

შეხვედრაში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა – იანის ანტეტოკუნმპომ მეორე მეოთხედის დასაწყისში მაჯის ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით, უცნობია, ითამაშებს თუ არა ბერძენი ALL STAR-ის შეხვედრაში.

მის გარეშე დარჩენილ „ბაქსს“ კი ბრუკ ლოპესმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა იყო. ნიკოლა ვუჩევიჩს კი 22 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა.

შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 25 თებერვალს „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.