იან კელი - რუსეთის ქმედება არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას
საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მიუღებელია. ამის შესახებ იან კელიმ ბოდბეში განაცხადა, სადაც ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეუღლესთან ერთად იმყოფება.
საქართველოში ამერიკის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედება არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას.
„ჩვენთვის მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო რუსეთის სახელმწიფო დუმამ – დოკუმენტის რატიფიცირება, რაც „სამხრეთ ოსეთის“ ჯარების ინტეგრაციას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. უნდა შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჯარების დაბრუნებას იქ, სადაც კონფლიქტამდე იყო. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი და მიმართულება, რუსეთის ქმედება არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას“, – განაცხადა იან კელიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას. „ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „შეთანხმებას“, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელია – აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.