იან კელი - დიახ, გვექნება ბევრი კითხვა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს
ანტიტერორისტული ოპერაციის გამოძიების პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა პარლამენტში განაცხადა.
იან კელის თქმით, აშშ მზად არის გამოძიების პროცესში საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.
„ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას ტექნიკური სახის დახმარება, რომელსაც უკვე ვუწევთ. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება. ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის საკითხი. საქართველო ჩვენი პარტნიორია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას“,- განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, რა არის მთავარი გამოწვევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, იან კელიმ ასე უპასუხა.
„ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა ინფორმაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ინფორმაციას ვუზიარებთ, რომ ვთანამშრომლობთ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომ აღვკვეთოთ ისეთი შემზარავი თავდასხმები, როგორიც ვიხილეთ მაგალითად ეგვიპტეში. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“.
რაც შეეხება კითხვას სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა ვინაობასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა:
„ჩვენც ბევრი შეკითხვა გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასაც. უპირველეს ყოვლისა 100%-ით უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს პირი იყო აჰმედ ჩატაევი. დიახ, ჩვენ გვექნება ბევრი შეკითხვა და მზად ვართ, ამის გამოსაძიებლად დახმარება გავუწიოთ საქართველოს“,- განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, სპეცოპერაციაში მონაწილეობა ხომ არ მიუღიათ ამერიკულ ძალებს, ელჩმა აღნიშნა, რომ „ეს იყო ქართული ოპერაცია“.