იან კელი - დაველოდოთ, რა მოხდება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე
იან კელი - დაველოდოთ, რა მოხდება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე

დაველოდოთ, რა მოხდება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, ჯერ არც ერთი ტექსტის საბოლოო ვერსია შეთანხმებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, შეკითხვის  თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებაა დაგეგმილი.

„დიპლომატიაში არის ასეთი გამოთქმა – „არაფერი არ არის შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული საბოლოოდ“. ასე რომ, თუ ყველა მხარე არ შეთანხმდება აღნიშნულ ტექსტზე, ვერ ჩავთვლით, რომ შეთანხმება მიღწეულია. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ტექსტი, თუმცა საბოლოოდ, საბოლოო ვერსია არც ერთი ტექსტისა შეთანხმებული არ არის და დაველოდოთ, რა მოხდება მოლაპარაკებების რაუნდზე“, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება შეკითხვას, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს დოკუმენტს, მისი თქმით, ეს მის შინაარსზე იქნება დამოკიდებული.

„ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თავად ამ ტექსტზე და შინააარსზე, თუკი იქნება მიმართული პროგრესისკენ და ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას, ვთქვათ, ხელოვნური საზღვრების გახსნას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ასევე ნდობის გაძლიერებას. ყველა მხარე პროგრესისკენ არის მომართული, თუმცა ჯერ ტექსტის საბოლოო შეთანხმება უნდა მოხდეს“, – განაცხადა იან კელიმ.